ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წინააღმდეგ - როცა ფული ბავშვების განათლებასა და კეთილდღეობაზე უპირატესია
- 2 days ago
- 1 min read

სადაც ყველა ნაბიჯი ფულის, - სულ უფრო მეტი ფულის მოხვეჭის მიზნით არის გადადგმული, იქ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილი აღარ რჩება. და თუ მაინც აპელირებ მაღალ მატერიებსა და ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე, ისეთსავე უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს, როგორც ეს ნათია ჯანაშიას შემთხვევაში ხდება.
2019 წელს ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% გაყიდეს და ამაში 30 მილიონი ლარი მიიღეს. შემდეგ ხუთ წელიწადში ინვესტორმა კიდევ კოლოსალური თანხა - 5 მილიონი ლარი გამოუწერა ხელფასად. თან, უდასტურდებათ, რომ მათი მენეჯმენტის პერიოდში 4 მილიონი, ოღონდ, უკაცრავად ლართან და უკვე აშშ დოლარი, აკადემიიდან გაფლანგულია...
ამას საქმის ღალატი ჰქვია.
საქმის ღალატი ჰქვია იმასაც, როცა დირექტორობიდან, სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად გიშვებენ, შენ კი ყველა იურიდიულ ბერკეტს იყენებ, წელავ დირექტორის პოსტზე ყოფნას, საკუთარ თავსა და ქმარს მილიონიან ხელფასს დამატებით ურიცხავ, ცდილობ ჩაშალო სასწავლო პროცესი და ამისკენ მოუწოდებ მასწავლებლებსა და მშობლებსაც, ხელს უშლი მიწის კაპიტალში შეტანის პროცესს და ამით აფერხებ აკადემიის განვითარებას და გაფართოებას, პარტნიორისგან მალულად ქმნი ბრიტანულ-ქართული აკადემიის კლონებს, ყველა გზით ცდილობ, დაუმსახურებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენო შენსავე პარტნიორს, ხელს უშლი კანონის შესაბამისად კომპანიის ხელახალ რეგისტრაციას და ამით ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აყენებ, კაცმა რომ გკითხოს, შვილივით გამოზრდილ აკადემიას, და ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც სააკაშვილის პერიოდში დაჭერილი შენი ქმარი ციხიდან გამოიყვანა, უსაფუძვლოდ უჩივი საზღვარგარეთ...
ეს ყველაფერი ნათია ჯანაშიას საგმირო საქმეების „პორტფელიოა“.
ეს ყველაფერი ნათია ჯანაშიას ნამოქმედარია, პირველ რიგში, სწორედ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წინააღმდეგ. და როგორც არ უნდა “შეიფუთოს” ეს ქმედებები, ფაქტები ფაქტებად რჩება - ეს ფაქტები კი ამბობენ, რომ ნათია ჯანაშია პარტნიორებთან მიმართებით რეიდერული მეთოდებით ურთიერთობის გზაზე იმდენად შორს წავიდა, რომ ბავშვების მომავალზე წინ გამდიდრების სურვილი დააყენა.
რა სამწუხაროა!















