პოლიციამ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- 2 hours ago
- 1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა ადგილიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – კილო-ნახევრამდე წონის, ასევე, 66 შეკვრად დაფასოებული „მარიხუანა“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.














