როცა ნათია ჯანაშია სასახლეს მინიმუმ 20 მილიონად გაყიდის, საქართველოს უმდიდრესი ქალების ათეულში მოხვდება

ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერი (30%) და ყოფილი დირექტორია. მისი აქტივები, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითვლიდა 60 მილიონ ლარს და ამ მონაცემით იგი ყველაზე მდიდარ ქართველ ქალთა ათეულს იყო მიახლოვებული.
მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ მისი საკუთრებაა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, მულტიმილიონერების ვილების უბანში განთავსებული გრანდიოზული და არაორდინალური სასახლე, ნათია ჯანაშიას მიერ კონტროლირებადი აქტივების მოცულობა ერთბაშად მინიმუმ 20 მილიონი ლარით გაიზარდა და ამ მოცემულობით იგი უკვე მყარად იმკვიდრებს ადგილს უმდიდრეს ქართველ ქალთა არაოფიციალური რეესტრის პირველ ათეულში.
ნათია ჯანაშიამ გრანდიოზული, 3 820 კვადრატულ მეტრიანი სასახლის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს, “აკადემიის” 70% ინვესტორზე გაასხვისა 29 300 000 ლარად. პარალელურად იგი ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად 5 წლით დარჩა “აკადემიის” მენეჯმენტში და ამაში წყვილი წლიურად, ჯამურად, ხელფასად 1 000 000 ლარს იღებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათია ჯანაშიას გრანდიოზული სასახლის შესყიდვით არაბული და ირანული ბიზნესჯგუფები არიან დაინტერესებულები. ითქვა საორიენტაციო ფასიც - 23 900 000 ლარი. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით, გარიგება შემდგარი არ არის.
რამდენადაც ირკვევა, ერთ-ერთ დაინტერესებულ ჯგუფს “მაგნოლიას”გრანდიოზული სასახლე (მაგნოლიას ქუჩაზე მდებარეობს სასახლე და ხალხში ამიტომ დაერქვა მას ასე) მულტიფუნქციურ კომპლექსად წარმოუდგენია, სადაც ერთდროულად იქნება განთავსებული საოფისე და საცხოვრებელი ზონები. - ეს სავსებით შესაძლებელია, გამომდინარე “გრანდიოზული სასახლის” მართლაც გრანდიოზულობიდან,
უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას”სასახლის საბაზრო ღირებულება, მისი სრულად აღჭურვის, გამართვისა და მოწყობის შემდეგ, სულ მცირე 20 მილიონად მაინც შეფასდება. სფეროს სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სასახლის მშენებლობაზე დღემდე ჩატარებული სამუშაოები, სულ მცირე, 4 000 000 ამერიკული დოლარის ღირებულების მაინც იქნება.
რაც შეეხება საკუთრივ სასახლის უფრო კონკრეტულ “დახასიათებას” იგი ლისის ტბის მიმდებარედ არის აგებული და დედაქალაქს ამაღლებული ფერდობიდან გადმოჰყურებს. შენობა 3 630 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ის ლისი ვილების ყველაზე მაღალ წერტილზეა აშენებული და მახლობლად მდებარე მულტიმილიონერთა სხვა ვილებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია.
“მაგნოლიას” სასახლის მინიფეხბურთის მოედანი შენობაშია მოქცეული. მოედნის სიგრძე 21 მეტრია, სიგანე 14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის არასაერთაშორისო მატჩებისთვის და ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.
ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი.
ამ მოცულობის ფართში თავისუფლად თავსდება საშუალო თბილისური 40 ოჯახის, მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრიანი ბინა.
უძრავი ქონების სპეციალისტების თქმით, საქართველოს მასშტაბით იშვიათია საცხოვრებელი სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდეს: ბოულინგის დარბაზს, სტანდარტული ზომის მინიფეხბურთის დახურულ მოედანს და 20 ადამიანზე გათვლილ, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილ კინოთეატრს.
სასახლეში არის 7 საძინებელი, - თითოეული საკუთარი საგარდერობე და სააბაზანო სივრცეებით, ასევე საკუთარი ვერანდებით, საიდანაც თითოეულს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს ღია აუზზე; სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით; კვების მოცულობითი ორი ბლოკი სამზარეულოთი და ვრცელი სასადილო სივრცით; ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი სივრცე; შინაური ცხოველების ოთახი; ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.
ასე რომ, როცა ნათია ჯანაშია “მაგნოლიას” გრანდიოზულ სასახლეს მინიმუმ 20 მილიონად გაყიდის, იგი მყარად დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს უმდიდრესი ქალების ათეულში.















