ნათია ჯანაშიას 20 მილიონიანი სასახლით ახლა უკვე ირანელებიც დაინტერესდნენ

მას შემდეგ, რაც ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე, მისი ფეშენებელურობა, მასშტაბურობა და სიდიდე და სიდიადე ფეისბუქ მომხმარებელთა შორის განხილვის ლამის მთავარ თემად იქცა, მისით დაინტერესება დღითი-დღე იზრდება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული 3 820 კვადრატულ მეტრიანი გრანდიოზული სასახლის შეძენას, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარ აქციონერსა და ყოფილ დირექტორს, ნათია ჯანაშიას ეკუთვნის, საქართველოში მსხვილი ბიზნესების მფლობელი არაბული წარმოშობის ერთ-ერთი ბიზნესმენი ცდილობდა. გარიგება, რომლის მოცულობაც 23 მილიონ 900 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, ამ წუთისთვის, შემდგარი არ არის. თუმცა სასახლით დაინტერესება დიდია.
ირკვევა, რომ სასახლის შეძენით დაინტერესებას ირანული ბიზნესჯგუფიც ავლენს. მათ მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე მულტიფუნქციურ კომპლექსად წარმოუდგენიათ, სადაც ერთდროულად იქნება განთავსებული საოფისე და საცხოვრებელი სივრცე. - პრინციპში, გამომდინარე “გრანდიოზული სასახლის” მართლაც გრანდიოზულობიდან, - შეგახსენებთ 3 820 კვადრატულ მეტრზეა იგი გაშლილი და დაგეგმილი, მისი მულტიფუნქციურად მოწყობა სავსებით გადაჭრადი ამოცანაა.
ჯერ-ჯერობით, უძრავი ქონების ექსპერტებს არ აქვთ ინფორმაცია, მხარეები გარიგების რა ღირებულებაზე საუბრობენ. ფაქტი ის არის, რომ მათი ანალიზის მიხედვით, ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” დიდი სასახლის საბაზრო ღირებულება, მისი სრულად აღჭურვის, გამართვისა და მოწყობის შემდეგ, ყველაზე მოკრძალებულად, 20 მილიონად მაინც შეფასდება. სფეროს სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სასახლის მშენებლობაზე დღემდე ჩატარებული სამუშაოები, სულ მცირე, 4 000 000 ამერიკული დოლარის ღირებულების მაინც იქნება.
საკუთრივ სასახლეს რაც შეეხება, იგი ლისის ტბის მიმდებარედ არის აგებული და დედაქალაქს ამაღლებული ფერდობიდან გადმოჰყურებს. შენობა 3 630 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ის ლისი ვილების ყველაზე მაღალ წერტილზეა აშენებული და მახლობლად მდებარე მულტიმილიონერთა სხვა ვილებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია.
გრანდიოზული სასახლე რამდენიმე შენობა-ნაგებობისგან შედგება. მათი ნაწილი მიწისქვეშ არის განლაგებული. შენობების მაქსიმალური სიმაღლე საპროექტო გათვლებით 15 მეტრზე მეტია, რაც სტანდარტული ხუთსართულიანის სიმაღლეა. მინუს 1 სართულზე მდებარე შენობის ნაწილი მონოლითური ბეტონითაა ჩასხმული, ხოლო ზედა სართულებზე გამოყენებულია ბლოკის მასალა.
ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” სასახლის სხვა ვილებისგან გამორჩეულობა მხოლოდ ზომასა და მოცულობაში არ მდგომარეობს.
მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე ვილების უმეტესობას მცირე ზომის სპორტული მოედნები ეზოში აქვთ და ძირითადად ეს კალათბურთის ცალფარა მოედანი, ან სამანქანე გარაჟზე მიდგმული მინიფეხბურთის ერთი კარია.
“მაგნოლიას” სასახლის მთავარი თავისებურებაც კი ზუსტად ის არის, რომ მისი მინიფეხბურთის მოედანი შენობაშია მოქცეული. მოედნის სიგრძე 21 მეტრია, სიგანე 14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის არასაერთაშორისო მატჩებისთვის და ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.
ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი.
ამ მოცულობის ფართში თავისუფლად თავსდება საშუალო თბილისური 40 ოჯახის, მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრიანი ბინა.
უძრავი ქონების სპეციალისტების თქმით, საქართველოს მასშტაბით იშვიათია სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდეს: ბოულინგის დარბაზს, სტანდარტული ზომის დახურულ მინიფეხბურთის მოედანს და 16 ადამიანზე გათვლილ, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილ კინოთეატრს.
სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურა ტრადიციულია და მსგავსია მულტიმილიონერთა რეზიდენციებისთვის. კერძოდ, ათამდე საძინებელი, - თითოეული საკუთარი საგარდერობე და სააბაზანო სივრცეებით, ასევე საკუთარი ვერანდებით, საიდანაც თითოეულს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს ღია აუზზე; დახურული და ღია აუზებ; სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით; კვების მოცულობითი ორი ბლოკი სამზარეულოთი და ვრცელი სასადილო სივრცით; ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი სივრცე და სხვა თუმცა, არის გამორჩეული და არასტანდარტული ზონებიც. მაგალითად - შინაური ცხოველების ოთახი, ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.















