ვისზეა გაფორმებული ნათია ჯანაშიას 20-მილიონიანი სასახლე

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერი (30%) და ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, მასშტაბურად ინფრასტრუქტურირებული და გამორჩეული ვილის - “მაგნოლიას გრანდიოზული სასახლის” მეპატრონეა.
ნათია ჯანაშია საზოგადოებისთვის, “ბრიტანულ - ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული ბიზნეს დავიდან არის ცნობილი.
როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, 3 820 კვადრატულ მეტრიანი სასახლე ნათია ჯანაშიას სახელზე არ ირიცხება. ფორმალურად ის ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის სახელზეა გაფორმებული.
დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია, 2019 წლიდან მოყოლებული 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც “აკადემიის” 70%-იანი წილი ინვესტორს 29 მილიონ 300 ათას ლარად მოჰყიდეს, ინვესტორის გადაწყვეტილებით, აგრძელებდნენ “აკადემიის” მართვას და ამაში ინვესტორისგან, ერთობლივად, წლიურად 1 მილიონ ლარს იღებდნენ ხელფასად. მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ კი, რაც ინვესტორმა მათთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა, ნათია ჯანაშიამ მის წინააღმდეგ დავების კასკადი წამოიწყო საქართველოს და დიდი ბრიტანეთის სამართლებრივ სივრცეებში.
ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე, ვის სახელზეც მრავალმილიონიანი ქონებაა რიცხული, განსაკუთრებული აგრესიულობითა და სიძულვილის ენით გამოირჩევა სოციალურ ქსელში, როგორც ინვესტორის, ისე ნებისმიერი იმ პირის მიმართ, ვინც მის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, ან სულაც უწყინარ კითხვებს სვამს.
რაც შეეხება საკუთრივ “მაგნოლიას” გრანდიოზულ სასახლეს, რომელსაც ფეისბუქმომხმარებლებმა პატარა ტაჯ-მაჰალიც კი უწოდეს, საზოგადოების ერთი ნაწილი მისი მფლობელების ფანტაზიას აფასებს, ბევრს კი უკვირს, საერთოდ რა საჭიროა მულტიმილიონერებისთვისაც კი, ასეთი უზარმაზარი საცხოვრისის ქონა.
ქმრის სახელზე გაფორმებული ნათია ჯანაშიას გრანდიოზული სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული და ამ ფეშენებელური ვილის საერთო ფართობი ზუსტად 3 820 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
შედარებისთვის, ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლე თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი.
ამ მოცულობის ფართში თავისუფლად თავსდება საშუალო თბილისური 40 ოჯახის მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრიანი ბინა.
როგორც უძრავი ქონების ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს პრაქტიკულად არ არსებობს კიდევ სხვა ანალოგიური საცხოვრებელი ფართი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება: ბოულინგის დარბაზი, სტანდარტული ზომის დახურული მინიფეხბურთის მოედანი და 20 ადამიანზე გათვლილი, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი კინოთეატრი.
სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურა ტრადიციულია და მსგავსია მულტიმილიონერთა რეზიდენციებისთვის. კერძოდ, - დახურული და ღია აუზები, სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით, ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი ვრცელი სივრცე. თუმცა, კიდევ აღმოაჩენთ გამორჩეულ და არასტანდარტულ ზონებსაც. მაგალითად, - შინაური ცხოველების ოთახს, ჩაის ლაუნჯს და აკვადისკოთეკას.
ქმრის სახელზე რიცხულ, ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” გრანდიოზულ სასახლეში 7 საძინებელია. ყოველი მათგანი აღჭურვილია საკუთარი საგარდერობო და სააბაზანო სივრცეებით და ყველა საძინებელი დამოუკიდებლად გადის საკუთარ ვერანდაზე, საიდანაც, ასევე დამოუკიდებლად არის შესაძლებელი აუზზე გასვლა.















