ნათია ჯანაშიას მცდელობა თაღლითურად მიეტაცებინა ბრიტანულ-ქართული აკადემია, ჩავარდა
- 32 minutes ago
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და ყოფილი მენეჯმენტის დესტრუქციული ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პირადი მერკანტილური ინტერესების გამო ადამიანმა სასწორზე დააყენოს წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულების ბედი. თუმცა, ნათია ჯანაშიას მიერ არჩეული სტრატეგია, რომელიც სკოლის თაღლითურად მიტაცებასა და მის ხელოვნურ პარალიზებას ისახავდა მიზნად, სრული კრახით დასრულდა.
მიტაცების მცდელობის ეს სქემა კარგად აისახა იმ ქრონოლოგიაში, რომლითაც მან და მისმა გარემოცვამ იმოქმედეს. პირველ ეტაპზე, სამართლებრივი პროცესების გაწელვისა და მანიპულაციებისთვის დროის მოსაგებად, სასამართლო სხდომები რამდენჯერმე ხელოვნურად გადაიტანეს და გადადეს. როდესაც ცხადი გახდა, რომ ქართულ სასამართლოში და საგამოძიებო უწყებებში წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტები, ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიისა და „სამხარაულის ეროვნული ბიუროს“ დასკვნები მათ წინააღმდეგ მეტყველებდა, ბრძოლის ველი დიდ ბრიტანეთში გადაიტანეს და ლონდონის სასამართლოში იჩივლეს.
ამ ნაბიჯით მათი მთავარი მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩაშლა და დისკრედიტაცია იყო. სარჩელში ღიად ცდილობდნენ მთელი სასამართლო სისტემის კორუმპირებულად გამოცხადებას, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს საქმის სამართლიანი განხილვა საქართველოში შეუძლებელი იყო. თუმცა, ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ საქმეს ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა და სარჩელის დაშვებადობა ისეთ პირობებს დაუკავშირა, რომ ჯანაშიას თავიდანვე გაწირა წარუმატებლობისთვის.
ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული პროცესების ყველაზე მძიმე და დამაზიანებელი ნაწილი თავად აკადემიის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი აღმოჩნდა. ნათია ჯანაშია მიზანმიმართულად ცდილობდა სკოლისთვის ისეთი კრიტიკული ბარიერების შექმნას, რომლებიც მის ლიკვიდაციას გამოიწვევდა. როდესაც რიგგარეშე კრებებზე ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სკოლის განვითარების საკითხები განიხილებოდა, ნათია ჯანაშია წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა და აკადემიის ლიკვიდაცია დაისახა მიზნად .
რეგისტრაციის პროცესის ხელოვნური შეფერხებით, ახალი წესდების დამტკიცებაზე უარის თქმითა და სკოლის საბანკო ანგარიშებისა და საოპერაციო საქმიანობის პარალიზებით, ჯანაშია შეგნებულად უქმნიდა საფრთხეს სასწავლო პროცესს.
ყველა ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - შეექმნა ისეთი მძიმე ფინანსური და იურიდიული კრიზისი, რომლის ფონზეც აკადემიის ლიკვიდაცია გარდაუვალი გახდებოდა. თუმცა, მიუხედავად ამ მასშტაბური მანიპულაციებისა, დესტრუქციული ქმედებებისა და აკადემიის ხელოვნურად დახურვის მცდელობებისა, მაჟორიტარმა აქციონერმა შეძლო ყველა დაბრკოლების გადალახვა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სწავლა შეუფერხებლად განაგრძეს, ხოლო ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული თაღლითური სქემა და აკადემიის მიტაცების მცდელობა ისტორიას დარჩა, როგორც კიდევ ერთი სრული კრახით დასრულებული საქმე.















