როგორ დაარღვია ნათია ჯანაშიამ საქართველოს კონსტიტუცია

ნათია ჯანაშია, როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერი (30%), რომელმაც კომპანაში ინვესტორის შესვლის შემდეგ, 5 წლიან პერიოდში, 80 მილიონი ლარის აქტივები დააგროვა და საქართველოს უმდიდრეს ადამიანთა პირველ ასეულს მიუახლოვდა, უკვე იცნობს საზოგადოება.
თუმცა, როგორც ირკვევა, მისი როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯერის სახასიათო შტრიხები ჯერ კიდევ არ არის კარგად აღქმული.
მაგალითად, არსებობს 10-15 წლის წინ მედიაში განთავსებული კონტენტი, საიდანაც ირკვევა, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ იმდროინდელ დირექტორს, ნათია ჯანაშიას მოწაფეთა მშობლები, მოწაფეებთან მიმართებით, დისკრიმინაციულ მოპყრობაში, უგულისყურობაში, მეტი შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებულ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.
უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ნათია ჯანაშის დირექტორობის პერიოდში იმგვარ შიდა სასკოლო დოკუმენტზე აიძულებდნენ მშობლებს ხელმოწერას, რომელიც თავისი შინაარსით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.
ნათია ჯანაშია მშობლებს ე.წ. მშობლის კოდექსზე, აწერინებდა ხელს, სადაც ჩამოთვლილი იყო მშობლებისთვის აკრძალული ქმედებები.
„(იკრძალება) სკოლის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ფორმით, დეფამაციური და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთება სკოლის ან სკოლის მოსწავლეების/მშობლების/თანამშრომლების შესახებ სოციალურ საიტებზე და მედიაში. სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მშობელმა უნდა მიმართონ მასწავლებლებს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს აკადემიის მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის ფორმების საშუალებით, რათა მოხდეს მედიაში განვითარებული სკოლის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, დეფამაციური ან ცრუ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლა მშობლის მიერ“, - ეს ამონარიდია, ამ ე.წ. დოკუმენტიდან, რომლის შესრულებაზეც მშობლები საკუთარი ხელმოწერით იღებდნენ პასუხისმგებლობას და იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ქმედება დაფიქსირდებოდა სკოლა ატარებდა სანქციებს, რაც ლამის პირველ რიგში, მოიცავდა მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას.
ირკვევა, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით იმ პერიოდში, მშობლებს იურისტ მარიამ კუბლაშვილისვის მიუმართავთ, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა, რომ ეს იყო არაკონსტიტუციური ხელშეკრულება, რომლითაც ირღვევა ინდივიდის უფლებები. „ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ადმინისტრაციის, დირექტორის მხრიდან მშობლებზე ძალადობა, რომლის შემდეგ გავეცანი მათ ხელშეკრულებას. ისეთ აქტებზე აწერინებენ ხელს, რაც პირდაპირი დისკრიმინაციაა. თუ მშობელი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოთქვამს უკმაყოფილებას ან დაწერს ისეთ ტექსტს, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია შეაფასებს ცუდად, ამ შემთხვევაში შეუძლიათ დაუკითხავად გარიცხონ ბავშვი სკოლიდან.
ეს პირდაპირი შეზღუდვაა, დისკრიმინაციაა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა და არაკონსტიტუციურია. ასევე, მშობლის კოდექსში წერია, რომ თუ ის სასამართლოს მიმართავს, ან ეტყვის, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებს, შანტაჟად უთვლიან.
ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს, ამას აღიქვამენ შანტაჟად. მე ასეთი უპრეცედენტო ფაქტი არსად გამიგია და არც მსმენია“, ამბობდა მაშინ მედიასთან მარიამ კუბლაშვილი.















