რატომ მალავდა ნათია ჯანაშია მაგნოლიას გრანდიოზულ სასახლეს

მას შემდეგ, რაც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარმა აქციონერმა (30%), ნათია ჯანაშიამ პროვოცირებული დავა წამოიწყო აკადემიის ინვესტორის, მაჟორიტარი აქციონერის (70%) წინააღმდეგ და ერთხელ უკვე 29,3 მილიონ ლარად გაყიდული წილის უკანონოდ და რეიდერულად ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ის ცდილობს საზოგადოების წინაშე უპოვარად და ჩაგრულად წარმოაჩინოს თავი.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ნათია ჯანაშია თავის “მაგნოლიას” გრანდიოზულ სასახლეს უბრალოდ უმალავდა საზოგადოებას. - სასახლეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც, ყველაზე მოკრძალებული შეფასებებით, 20 მლნ ლარია.
“ჩემი მითიური სიმდიდრე” - ასეთი რიდით და კრძალვით წერს ნათია ჯანაშია თავისსავე ვებგვერდზე და ცდილობს საზოგადოებას ანახოს, რომ უბრალოდ ერთ-ერთი შეძლებული ადამიანია და არა საქართველოს უმდიდრეს ქალთა ათეულის უპირობო წევრი, რომლის ქონებამ და აქტივებმაც ლამისაა 100 მილიონ ლარს გადააჭარბოს.
თვალი რომ გადავავლოთ ნათია ჯანაშიას “მითიურ სიმდიდრეს” - უკვე ცნობილია, რომ მისი მთავარი სიამაყეა ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებული “მაგნოლიას” გრანდიოზული, 3 820 კვადრატული მეტრის 4 სართულიანი ფეშენებელური სასახლე, რომელიც ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა, დავით ცეცხლაძემ იმ პერიოდში შეიძინეს და განავითარეს, როცა “აკადემიის” ინვესტორის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით “აკადემიის” მენეჯმენტს განაგებდნენ და ამაში წლიურად, ერთობლივად, ხელფასის სახით 1 მილიონ ლარს იღებდნენ.
ამ სასახლის მასშტაბები უპრეცენდენტოა. უპრეცენდენტოა ასევე მისი ინფრასტრუქტურაც, რაც მათ შორის, მოიცავს შენობის შიგნით განთავსებულ მინი ფეხბურთის სტანდარტული ზომის მოედანს, 16 ადამიანზე გათვლილ თანამედროვედ აღჭურვილ კინოთეატრს, ბოულინგის დარბაზს, აკვადისკოთეკის სივრცეს და სხვა ფეშენებელურ სივრცეებს.
გარდა ამისა, ნათია ჯანაშიას “მითიური სიმდიდრის” ნაწილია, სულ ახლახანს აღმოჩენილი კიდევ ერთი ფეშენებელური, რამდენიმე მილიონის ღირებულების, უძრავი ქონება, რომლის ზუსტი საბაზრო ღირებულება და კიდევ სხვა დეტალები, როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ნათია ჯანაშიას “მითიური სიმდიდრე” ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ შეფასდა მინიმუმ 60 მილიონ ლარად. ეს მოცულობა შედგებოდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარისგან, ასევე დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულებისგან, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს ნათია ჯანაშიასთვის გაკეთებული. ასევე, მისი როგორც „აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის წილის კვალდაკვალ დაგროვილი მოგებისგან. ასევე, მისი და მისი ქმრის სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებისგან.
ასე რომ, მიმდინარე მომენტისთვის, ადრე შეფასებულ 60 მილიონიან აქტივს დაემატა „მაგნოლიას“ სასახლის ღირებულება - მინიმუმ 20 მილიონი ლარი, პლუს ჯერ კიდევ შესაფასებელი კიდევ ერთი რამდენიმე მილიონიანი ვილა საქართველოში.
შესაბამისად, ნათია ჯანაშიას ქონება და აქტივები, უკვე 80 მილიონ ლარს საგრძნობლად სცდება და სავარაუდოდ, იგი უახლოეს მომავალში, პრაქტიკულად, მიჯრით მიუახლოვდება ქართველთა შორის 100 მილიონი ლარის მფლობელთა პირველ 100-ეულს, რომელთა შესახებაც “ფორბსის” ქართული რედაქცია საზოგადოებას პერიოდულად მოუთხრობს ხოლმე.
აი, ასეთია ნათია ჯანაშიას “მითიური სიმდიდრის”რეალური ანატომია. ამ ფონზე, ბუნებრივი და ცხადია, რომ მაშინ როცა იგი ცდილობს საზოგადოებას თავი ჩაგრულად და უპოვარად წარმოუდგინოს, საზოგადოებისგან გულმოდგინედ დამალავდა კიდეც “მაგნოლიას” გრანდიოზულ სასახლეს.















