top of page

6 თვეში უკანონო ტყით სარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინა

  • 2 hours ago
  • 1 min read

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. 110 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


2026 წლის 6 თვეში დალუქულია 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 222 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 174, კახეთში - 172, იმერეთში - 124, სამცხე-ჯავახეთში - 66, ქვემო ქართლში - 48, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 39, გურიაშიც - 39, შიდა ქართლში - 32, მცხეთა-მთიანეთში კი - 25.


5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 6 თვეში გამოავლინეს 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.


ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

 
 

ახალი ამბები

bottom of page