ნათია ჯანაშიას ახალი ამპლუა - ყოფილი დირექტორის თაღლითური რეიდერობა
- 1 hour ago
- 2 min read

არ არის აუცილებელი, რომ კორპორაციულ ფინანსებსა და ინვესტიციებში კარგად ერკვეოდე, რომ ოქროს წესი გესმოდეს - ფულს სჭირდება გამჭვირვალობა, ხოლო მენეჯმენტს - ანგარიშვალდებულება. ეს ორი პრინციპი „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის პრაქტიკაში, როგორც აღმოჩნდა, არ არსებობდა.
2019 წელს ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა, დავით ცეცხლაძემ, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% „საქართველოს განათლების ჯგუფს“ 30 მილიონ ლარად მიჰყიდეს. გარიგების პირობებით, ჯანაშიას დირექტორად მუშაობა გარანტირებულად უნდა გაგრძელებულიყო ხუთი წლის განმავლობაში. ამ ხუთწლიანი პერიოდის დასრულების კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ნათია ჯანაშიამ პარტნიოროსგან მიიღო გაფრთხილება, რომ მას აღარ გაუგრძელდებოდა წლიურად 1 მილიონი ლარის ღირებულების სახელფასო კონტრაქტი, მან კონფლიქტი წამოიწყო და ურთიერთობა მიზანმიმართულად გაამწვავა.
ნათია ჯანაშიას მენეჯმენტიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება “მოწმენდილ ცაზე” არ მიღებულა. ფართო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი იმ მსხვილი დარღვევების, გაფლანგული და მიტაცებული მილიონების თაობაზე, რაც დიდი ოთხეულის წევრი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ არის დადასტურებული.
ამ დასკვნის საფუძველზეა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრული საქმე ყოფილი დირექტორების მენეჯმენტის პერიოდში 4 მილიონი აშშ დოლარის შესაძლო გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე.
ნათია ჯანაშიას თავდაპირველი პასუხი თაღლითობაში მრავალჯერ გამოჭერილი პირის წინასწარ მომზადებულ ტექსტს გავდა - თითქოს 4 მილიონი დოლარი ახალი კამპუსის უკეთესი მასალებით აშენებას მოხმარდა. და ეს მაშინ, როცა რეალურად კამპუსის მშენებლობა 3-ჯერ ძვირი დაჯდა, ვიდრე თავდაპირველად იყო მისი ქმრის მიერ შედგენილი ბიუჯეტითვე განსაზღვრული.
ფაქტია, როდესაც საქართველოში მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგების საშიშროება დაინახა, ნათია ჯანაშიამ ახალი ტაქტიკა აირჩია და დავა პარალელურად ლონდონის სასამართლოში წამოიწყო, სადაც კერძო კონფლიქტის გადაფარვა პოლიტიკური ნარატივით სცადა და შეტევა ინვესტორთან ერთად ხელისუფლებაზეც განახორციელა.
თუმცა, ლონდონში პოლიტიკური რიტორიკით მანიპულირება, ბუნებრივია, ვერ აუქმებს თბილისში მიმდინარე გამოძიებას.
მიმდინარე დავას აქვს ოთხი შოკისმომგვრელი ეპიზოდი, რაც ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მიერ “აკადემიისთვის” მიყენებულ ფინანსურ ზიანს უკავშირდება.
ეპიზოდი პირველი - 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, ცოლ-ქმარი უკანონოდ აგრძელებდა საკუთარი თავისთვის ფულადი ანაზღაურებების გადახდას და ხელფასების დანამატების ჩარიცხვით, ჯამში 666 666 ლარი მიიტაცეს.
ეპიზოდი მეორე: 2019-2025 წლებში სკოლის ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა პირადი მოგზაურობები, შვილებისა და ქმრის მშობლების ჯანმრთელობის დაზღვევები და ნათესავების უფასო სწავლა. - ამ გზით 2 მილიონ ლარამდეა გაფლანგული.
ეპიზოდი მესამე: სკოლის ფინანსებით გარემონტდა ნათია ჯანაშიას ქმრის პირადი საცხოვრებელი ფართები, რომლებიც შემდგომ აკადემიის უცხოელი მასწავლებლებს გაბერილ ფასად მიქირავდა, ცხადია “აკადემიის” ხარჯზე. შედეგად - 400 000 ლარამდე პირდაპირ ნათია ჯანაშიას ქმრის ანგარიშზე დაილექა.
ეპიზოდი მეოთხე: 2024 წლის ივლისში, მენეჯმენტიდან ჩამოშორების შემდეგ, ლისის ტბის მიმდებარედ ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა მალულად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, რომლის ყიდვაც გაცხადებულად სურდა “აკადემიას”. მათ პარალელურად დააფუძნეს ფაქტობრივად “აკადემიის” კლონი - კომპანია, პრაქტიკულად იგივე სახელწოდებით - შპს „საქართველოს ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“, სადაც შემდგომში იგეგმებოდა “აკადემიის” აქტივების გადაქაჩვა. მათ შორის, ადამიანური რესურსის - საგანმანათლებლო კერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსის.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს ერთს - ნათია ჯანაშია საგანმანათლებლო სექტორის მოწინავე სკოლის დირექტორობიდან თანმიმდევრულად იქცა რეიდერად, რომელიც დღემდე, მართალია უშედეგოდ, მაგრამ ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და რომლის რეალური მიზანიც “აკადემიის” მითვისება და ინვესტორის განდევნაა.















