ცნობილი ხდება ნათია ჯანაშიას შესაძლო თაღლითური კამპანიის მთავარი გზავნილები
- 5 hours ago
- 2 min read

მას შემდეგ, რაც ინვესტორმა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მართვის 5 წლიანი (2019-2024 წლები), წლიურად 1 მილიონ ლარიანი მენეჯმენტ-კონტრაქტი აღარ გაუგრძელა ნათია ჯანაშიას, მან პარტნიორთან კონფრონტაციის და მწვავე დაპირისპირების გზა აირჩია. ყოფილმა დირექტორმა მიზნად დაისახა ერთხელ უკვე 30მილიონ ლარად გაყიდული წილის, თაღლითურად და რეიდერულად ხელში ჩაგდება.
ნათია ჯანაშიამ ამ კამპანიაში აქცენტი რამდენიმე ყალბ ნარატივზე გააკეთა.
პირველი გზავნილი, რითაც ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა იყო ის, რომ თითქოს მას ინვესტორმა მოტყუებით იაფად გააყიდინა “აკადემიის” 70 %-იანი წილი. ფაქტი კი ის იყო, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა - 29,3 მილიონი ლარი, რაც წილის საფასურად ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა, დავით ცეცხლაძემ საკუთარ ანგარიშებზე გარიგების დადებისთანავე თანაბრად მიიღეს, 500 000 ლარით აღემატებოდა იმ დროისთვის არსებულ საბაზრო ფასს. სამხარაულის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, ცოლ-ქმარს ეს სიცრუე საჯაროდ აღარც გაუმეორებიათ.
თუმცა, საზოგადოების დარწმუნებას იმაში ეცადნენ, თითქოს გარიგების საფასური სრულად არ ჰქონდათ მიღებული. ცხადია, ეს გზავნილიც მალევე “ჩავარდა”, რადგან ფაქტი, როგორც საზოგადოდ, ამ შემთხევევაშიც ჯიუტი აღმოჩნდა და “ინვესტორის” მხრიდან ერთმა მინიშნებამაც იკმარა, რომ გარიგების სრული საფასური (29,3 მლნ ლარი), სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების ასახვისთანავე თანაბრად ჩაერიცხათ ნათია ჯანაშიას და მის ქმარს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე და ამის შემდგომ ცოლ-ქმარს აღარც ეს ნარატივი გამოუყენებიათ თავიანთ დეფამაციურ კამპანიაში.
მაგრამ, წილის გაყიდვა-არგაყიდვის თემას ნათია ჯანაშია არც შემდგომ შეეშვა. ის მუდმივად ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ წილი კი არ გაყიდა, არამედ საინვესტიციო პირობების დაპირების სანაცვლოდ დათმო… “სკოლა არც გამიყიდია და არც გავყიდი”, - ამ ხმამაღალი შეძახილით ცდილობდა იგი ემოციური მუხტის შექმნას და მსხვერპლად თავის წარმოჩენას. მაგრამ მაშინ, როცა 30 მილიონი ლარი გაქვს მიღებული წილის სანაცვლოდ, ვერავის დაარწმუნებ იმაში, რომ წილი არ გაგიყიდია. მით უფრო მაშინ, როცა ამაზე “ყვირილს” მხოლოდ მას შემდეგ იწყებ, როცა თანხების გაფლანგვა-მიტაცებაში შემჩნევის გამო, ინვესტორი, სრულიად კანონიერად, “აკადემიის” მართვის ბერკეტებს გართმევს და მენეჯმენტიდან გიშვებს…
და ერთ-ერთი მთავარი ცრუ გზავნილი, რომლის გამოყენებასაც ნათია ჯანაშია არგუმენტად ცდილობს. - თითქოს, ინვესტორს დაპირება ჰქონდა გაცემული, რომ მის საკუთრებაში არსებულ ოქროყანის მიწას, “აკადემიის” კაპიტალში უსასყიდლოდ ასახავდა.
როგორც ირკვევა, მხარეები მართლაც შეთანხმებულები იყვნენ ოქროყანის მიწის კომპანიის კაპიტალში შეტანაზე და ამ აქტივის გამოყენებით “აკადემიის” ფიზიკურად გაფართოებაზე, მაგრამ ეს შენატანი უნდა განხორციელებულიყო წილობრივად, ანუ ინვესტორს უნდა შეეტანა მიწა, ხოლო მინორიტარ აქციონერს თანხა - მიწის საბაზრო ღირებულების 30%-ის ოდენობით. სწორედ ამ თანხის გადახდისთვის თავის არიდების სურვილია ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ნათია ჯანაშია ცრუ ნარატივებისა და ყალბი ბრალდებების ლაბირინთში გაეხვა.
არადა, რეალურად, შეუვალი ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიას ქონება, მისი მთლიანი აქტივები, ბევრად და ბევრჯერ გაიზარდა “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” ინვესტორის შემოსვლის ფონზე და ბოლო მონაცემებით, 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. სწორედ ინვესტორის რეპუტაციამ, მისმა მაღალმა კრედიტუნარიანობამ, მენეჯმენტში მისმა დიდმა გამოცდილებამ შექმნა ის რეალობა, რომ მის შესვლამდე უარყოფითი კაპიტალის მქონე კომპანია გაჯანსაღდა და მოკლე დროში ათეულ მილიონობით მოგებაც კი დააგენერირა. ბუნებრივია, ამ მოგების 30%, როგორც აქციონერს, ნათია ჯანაშიას ეკუთვნის.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს მას არ აკმაყოფილებს, რადგან ჯერ-ჯერობით, ფაქტია, ნათია ჯანაშია არ აპირებს ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული დეფამაციური კამპანიის შეწყვეტას და მიუხედავად იმისა, რომ მისი უკლებლივ ყველა ყალბი ბრალდება გაცამტვერებულია.















