ნათია ჯანაშიას ქმარი მამუკა მდინარაძეს ემუქრება
- 1 day ago
- 2 min read

ნათია ჯანაშიას ქმარმა, დავით ცეცხლაძემ, სოციალურ ქსელში ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მორიგ ცილის მწამებლურ ტექსტზე კომენტარი გააკეთა, სადაც მამუკა მდინარაძეს მიმართა და ღიად დაემუქრა მას.
ეს ახალი ხაზია დავით ცეცხლაძის „ფეისბუქ შემოქმედებაში“.
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერია. (30%) 2019 წელს მან აკადემიის 70% 30 მილიონ ლარად მიჰყიდა ინვესტორს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მენეჯმენტ კონტრაქტის 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის პოზიცია აღარ შეუნარჩუნეს. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში, ნათია ჯანაშია თავის ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად, სახელფასო ანაზღაურებად ჯამში, წლიურად, 1 მილიონ ლარს იღებდა.
„კორუმპირებული თაღლითი ირაკლი გილაური აუცილებლად დაისჯება და მისი ხელის დამფარებელიც! მდინარაძე იმედია ის შენ არ იქნები“ - ესაა ნათია ჯანაშიას ქმრის კომენტარი დავასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნათია ჯანაშია და მისი ქმარი საქართველოს ხელისუფლების, მისი წევრების წინააღმდეგ გამოდიან. საჯარო რეესტრის ოპერატორიდან დაწყებული, ვიდრე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემდე, მათ ხელისუფლების ვერტიკალი და ჰორიზონტალი მრავალჯერ ჰყავთ უკიდურესად ნეგატიურად მოხსენიებული და დადანაშაულებული.
ზოგადად, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ბრძოლის ტაქტიკა აგებულია პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ გამოსვლაზე და მისთვის ზიანის მიყენებაზე. ამ გზაზე ისინი არც საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟისკენ საზოგადოებისადმი ღია მიმართვებს ერიდებიან.
ამ ხნის განმავლობაში მათ მოასწრეს და უნდობლობა გამოუცხადეს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მის ქვემდებარე საჯარო რეესტრს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მათი საქმიანობის გამოძიების მოთოვნით მიმართეს სუს-ს. ანუ, პრაქტიკულად, უნდობლობა გამოუცხადეს მთელ მთავრობას, მთელ ხელისუფლებას.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, როცა ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ცოლ-ქმარი საქართევლოს ხელისუფლებას არადემოკრატიულ და მართულ რეჟიმად აცხადებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელმაც ევროპის გზიდან რუსეთისკენ გადაუხვია.
ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა უნდობლობა გამოუცხადეს, ასევე, მთლიანად საქართველოს სასამართლო სისტემას და უკლებლივ ყველა მოსამართლეს, რომლებიც იმავე სარჩელში, დაახასიათეს როგორც კორუმპირებული და არადამოუკიდებელი.















