როგორ ვიშოვოთ 30 მილიონი და დავაჯეროთ საზოგადოება, რომ გაგაცურეს
- Jul 14
- 2 min read

ნათია ჯანაშიამ ქმართან ერთად, ქართულ საგანმანათლებლო-ბიზნეს სივრცეში ახალი სიტყვა თქვა. თუ ბიზნეს-ეთიკაზე, სახელშეკრულებო დისციპლინაზე და მარტივად რომ ითქვას, სინდისზე ხელს აიღებ, შექმნი კეისს, რომ შესაძლებელია გაყიდო ბიზნესის 70%, ჯიბეში ჩაიდო ასტრონომიული თანხა, თან მართო იგივე ბიზნესი და გზა და გზა არც ხელმრუდობა დაივიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გეტყვიან, რომ „გულაობა“ დამთავრდა და სჯობს მშვიდობიანად გაეცალო ბიზნესის მართვას, ეს აღარ მოგეწონოს და ნიანგის ცრემლებით სავსე თვალებით მოუყვე საზოგადოებას, თუ როგორ „წაგართვეს“ შვილებზე მეტად საყვარელი საქმე.
ესაა ზუსტად ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ისტორია, რომელიც რეალურად ტყუილებითაა სავსე.
„ბოროტმა ინვესტორმა სკოლა წაგვართვა და გაგვძარცვა“ - ეს არის ნათია ჯანაშიას პიარ-კამპანიის საძირკველი. ნარატივი მარტივია: მოვიდა დიდი, ხარბი საინვესტიციო კომპანია და ამ კრავივით უმწიკვლო, უდანაშაულო დამფუძნებლებს ყველაფერი წაართვა.
სიმართლე ფაქტებში: რეალობა კი ბანალური და პროზაულია და მას „ნასყიდობის ხელშეკრულება“ ჰქვია. 2019 წელს ჯანაშიამ და მისმა ქმარმა ნებაყოფლობით, იძულების გარეშე, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი მიჰყიდეს „საქართველოს კაპიტალს“.
შემდგომში კი, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ გარიგების ღირებულება აბსოლუტურად სამართლიანი და საბაზროს შესაბამისი იყო. უფრო მეტიც, ის 500 000 ლარზე მეტით აღემატებოდა საბაზრო ფასს.
ციფრების ენით: ამ გარიგების შედეგად მათ პირად ანგარიშებზე 30 მილიონი ლარი დაჯდა. ამას დაემატა 5-მილიონიანი სახელფასო კონტრაქტი მენეჯმენტში დარჩენისთვის. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ძარცვა“ 30 მილიონის გადახდით იწყება.
ისმის კითხვა - მაშინ, რატომ მოთქვამს ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, რომ გააცურეს და დაჩაგრეს და სამართალს ვერ პოულობენ?..
პასუხი მარტივია და ზედაპირზე დევს. - ამით მათ სურთ ინვესტორს მიაყენეონ რეპუტაციული ზიანი, რაც მას აიძულებს დაჰყვეს ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ჩანაფიქრს და ერთხელ ნაყიდ ბიზნესში, ნებისმიერი ფორმით, კიდევ გადაუხადოს.
ამას ჰქვია შანტაჟი - უბრალოდ, ნათია ჯანაშიას და მის ქმარს არ გაუმართლათ, რადგან ინვესტორი შანტაჟს არ დაექვემდებარა და რუტინულად მიჰყვება სამართლებრივ პროცესს, რომელიც აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის სრულ სამართლებრივ კრახამდე.















