ნათია ჯანაშიას ექსპერტები ამხელენ - რეიდერული სქემა გაიშიფრა
- 2 minutes ago
- 2 min read

„ბრიტანულ–ქართული აკადემიის გარშემო მიმდინარე დავა საკმაოდ მასშტაბურია თავისი მოცულობით, ხოლო თავისი ხასიათით უპრეცენდენტოდაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რამდენადაც საქმე გვაქვს ვითარებასთან, როცა მინორიტარი აქციონერი (30%) ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი გზებით ამტკიცოს საკუთარი არგუმენტების მართებულობა, ცდილობს მაჟორიტარისადმი რეპუტაციული ზიანის მიყენებით აიძულოს ის, არც მეტი, არც ნაკლები - დათმოს 30 მილიონ ლარად შეძენილი აქტივი.
ექსპერტებს უჭირთ მსგავსი პრეცენდენტის გახსენება. მინორიტარ ნათია ჯანაშიას ქმედებებში ისინი აშკარად ამჩნევენ მის რეიდერულ განწყობებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მინორიტარ ნათია ჯანაშიას მხრიდან წარმოებულ, კარგად გააზრებულ და დესტრუქციულ კამპანიაში, რაც დრო გადის, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ბიზნესზე ცინიკური თავდასხმები და პოლიტიკური ასპექტებით ნაკარნახევი ისეთი მძიმე ნაბიჯები, როგორიც საბოტაჟისკენ მოწოდებაა.
ეს იმით უნდა აიხსნას, რომ როცა სამართლებრივი არგუმენტები იწურება და ფაქტობრივი ვაკუუმი შიშველ რიტორიკას ვეღარ ფარავს, იწყება სასოწარკვეთა და იმის საშიშროება, რომ წონასწორობას დაკარგავ. ამ ფონზე კი უკვე იოლია „ფეხის დაცდენა“ და ისეთ სიბრტყეზე გადასვლა, როგორიც შანტაჟი, საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟისკენ საზოგადოების მოწოდება და პოლიტიკურ–ემოციურ სპეკულაციებზე გათვლების გაკეთებაა. ამის ნათელი დადასტურებაა ნათია ჯანაშიას მიერ გამოცხადებული ბიზნესის ცინიკური ბოიკოტის კამპანია და ფინანსურ სისტემაზე განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივ შეტევები, სადაც სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური ასპექტებიც.
ექსპერტულ წრეებში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ როცა კერძო, სუბიექტური ინტერესების გამო, საბანკო სექტორითა და ფინანსური სტაბილურობით სპეკულირებ და ამ გზავნილებს სისტემატურად ტირაჟირებ, ეს აღარ განიხილება, როგორც შემთხვევითობა. ეს არის გააზრებული, ეკონომიკური და რეპუტაციული შეტევა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მათ შორის, ამ გზას მიმართა ნათია ჯანაშიამ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მის რეიდერულ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა.
ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილს რეიდერული ჩანაფიქრი რომ ჰქონდათ, ეს ბევრი ფაქტიდან გამომდინარეობს. მათ შორის უმთავრესი არის ის, რომ მათ ინვესტორთან დავა მხოლოდ მას შემდეგ წამოიწყეს, რაც 5 წლიანი მენეჯმენტ-კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან კონტრაქტი, უბრალოდ აღარ განახლდა და შესაბამისად ვეღარც „აკადემიის“ მართვას შეძლებდნენ და ვეღარც წლიურ 1 მილიონ ლარიან ხელფასს მიიღებდნენ. მართალია, ნათია ჯანაშიამ „კუდის მოქნევა“ კი სცადა და იურიდიული ხერხებით მაქსიმალურად გაწელა პროცესი და დირექტორის პოზიციაზე უკანონოდ დარჩა კიდევ 8-9 თვით და ამ პერიოდში ხელფასად 666 666 ლარიც ჩაირიცხა საკუთარ და ქმრის ანგარიშებზე, მაგრამ პოზიციის დატოვება, ბუნებრივია, მაინც მოუხდა.
რაც შეეხება იმას, რომ როცა ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილი „აკადემიას“ მართავდა, იმ პერიოდში 4 მილიონი დოლარის გაფლანგვაა დაფიქსირებული, მათ არც ეს აწუხებთ და ამ საკითხს ისე უვლიან გვერდს, თითქოს არც არსებობდეს. ბუნებრივია, მათ არც ის ანაღვლებთ, რომ მათი მენეჯმენტის პერიოდში გამოვლენილია დამატებით 2 მილიონ ლარამდე არამიზნობრივ ხარჯები (ნათესავების ჯანმრთელობის დაზღვევა, სწავლის ქირისგან უკანონოდ გათავისუფლება, მოგზაურობების დაფინანსება და სხვ...)
ამ ყველაფრის ფონზე, ნათია ჯანაშია საკუთარი რიტორიკით საზოგადოებას მუდმივად სთხოვს, რომ მისი ცარიელი სიტყვა მიიღოს ფაქტად. საკუთრივ ფაქტები, კი რაც მის სიტყვებს დამაჯერებლობას შესძენს, მას უბრალოდ არ გააჩნია.
მისი რეიდერული სქემის ნაწილია ბრალდებების ადრესატების წრის გაფართოება. ბრალდებების ადრესატებად გვევლინებიან ინვესტორები, მენეჯერები, სახელმწიფო უწყებები, სასამართლო სისტემა, მარეგულირებლები და საერთაშორისო ინსტიტუტებიც კი. ბრალდებები ურცხვია და ურიცხვი - ფაქტები არანაირი...
ფაქტი არის მხოლოდ ის, რომ ადამიანი, რომელმაც 2019 წელს საკუთარი კომპანიის 70%-იანი წილის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ლარი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ აცხადებს, რომ “ჩემი სკოლა არც მაშინ იყიდებოდა და არც ახლა იყიდება“- ო…
თუ არ იყიდებოდა, მაშინ რაღა იყო ის გარიგება, რომლის შედეგადაც წილის საკონტროლო პაკეტი მფლობელს გამოეცვალა და რომლის სანაცვლოდაც მან ქმართან ერთად საგანმანათლებლო ბიზნესში მანამდე არნახული თანხა - 30 მლნ ლარი მიიღო?.. - ცხადია, ექსპერტები ამ კითხვას რიტორიკულად სვამენ.















